რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ ყაზახური მოვლენებისკენ – ვახო სანაია

“რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ სწორედ ყაზახური მოვლენებისკენ. და ამით გვაშანტაჟებს კიდეც”- ამის შესახებ ტელეწაყმვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს. ვახო სანაია აცხადებს, რომ ოპოზიციამ სწრაფად უნდა მოახერხოს და ყველას აჩვენოს, რომ ივანიშვილის რეალური ალტერნატივაა.

“რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ სწორედ ყაზახური მოვლენებისკენ. და ამით გვაშანტაჟებს კიდეც. საზოგადოების ერთ ნაწილს აშინებს – აი ხომ ხედავთ, რა ხდება ყაზახეთში, ეს გინდათ ?! მეორე ნაწილს კი ეუბნება – აი რა ბრძნული პოლიტიკა მაქვს, ჩვენთან მშვიდობაა. ამიტომ გამეშვით და შემეგუეთ.

სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიყვანება მარტივ ფორმულამდე – თუ დამიპირისპირდებით, რუსებს შემოვიყვან. ამით დასავლეთსაც აშანტაჟებს. ამიტომაც ,,ეკაჩავებიან” მისი ხელქვეითები დასავლელ პარტნიორებს და დიდი გული აქვთ.

რუსეთს საქართველოსთვისაც აქვს კიდევ სხვა ,,დამაშნიე ზაგატოვკი”. შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილმა გზა გაუხსნა ყველაზე რადიკალურ რუსულ ძალებს ჩვენს ქვეყანაში. მოქმედების თავისუფლებაც მისცა და თანამშრომლობს კიდეც მათთან. ეს სადამსჯელო რაზმები დაკავშირებული არიან კიდევ ერთ პლაცდარმთან – საპატრიარქოში მოკალათებულ პრორუსულ ჯგუფთან. ივანიშვილი ხელს ვერ ახლებს ამ ჯგუფებს, რადგან ისინი პირდაპირ მოსკოვიდან იმართებიან. მათთან დაპირისპირება რუსეთის გაბრაზებას ნიშნავს, რასაც ვერ გაბედავს. ამიტომ თანამშრომლობას არჩევს. რეპეტიციაც ერთად გაიარეს 5 ივლისს.

ამიტომაა ივანიშვილის მმართველობა ძალიან სახიფათო. ამიტომაა აუცილებელი, დასავლეთი იყოს მკაცრი და პრინციპული საქართველოს საკითხში. ამიტომაა აუცილებელი, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს ძლიერ ალტერნატივად დასავლეთის თვალში. ხალხმრავალი და შეუპოვარი ბრძოლა მნიშვნელოვანია. ამასთან, სხვა რამეცაა გასაკეთებელი – დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სინამდვილეში ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა ის ხალხი, მათ შორის ოპოზიცია, რომელიც მას უპირისპირდება.

ივანიშვილი პრობლემაა და დასავლეთი ახლა ამ პრობლემას აკონსერვებს, რაც დიდი შეცდომაა. მერე უფრო დიდ პრობლემად იქცევა, მაგრამ ისევ მივდივართ ძირითად საკითხთან – ოპოზიციამ ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს და ყველას აჩვენოს, ყველა დაარწმუნოს – დასავლეთიც და მოსახლეობასაც, რომ ივანიშვილის რეალური ალტერნატივაა. თუ ამას შეძლებს, ასეთ შემთხვევაში ბრძოლის მწვავე ფორმები მისაღები კი არა, აუცილებელია.
პროტესტის ფორმები კი არაა პრობლემა, არამედ რაც შეიძლება სწრაფადაა შესაქმნელი ამ პროტესტის ფონი.”- წერს ვახო სანაია.