რასაც [მოძალადეები] აკეთებდნენ, მეათედი რომ გაგვეკეთებინა, გადაგვივლიდნენ – ჯაფარიძე შსს-ზე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინ მშვიდობიან აქციაზე მყოფ ადამიანებს ხელისუფლება თავის ამომრჩევლებად არ თვლის.

მისივე აზრით, ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალადობრივი ჯგუფების წევრები არიან, ამიტომ მათ “ფაქიზად ექცევიან”.

“აქეთა მხარეს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რასაც ისინი [ძალადობრივი ჯგუფები] აკეთებდნენ ძალადობის თვალსაზრისით, მათ შორის, რასაც პოლიციას უკეთებდნენ, წყლის ჭავლი კი არა, გადაგვივლიდნენ თავზე. მაგრამ ჩვენ, აქეთა მხარეს არ გვთვლიან ამომრჩევლებად, ჩვენ ხმას ფასი არ აქვს. ისინი მათი ამომრჩევლები არიან, სულ რომ არ გჯეროდეს, რომ ისინი მართულები არიან, მათ უყურებენ როგორც საკუთარ ამომრჩეველს და ფაქიზად ექცევიან და ეს არის ხელისგულზე.

როდესაც 20 ივნისს შენობის დაცვის მოტივით თვალები დათხარეს ადამიანებს, ქუჩაში ადამიანებს ასახიჩრებენ, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ეს ისე მიდის, როგორც არაფერი. იმ ჯარიმებს თვითონ გადაუხდიან. ხმების დაკარგვა არ უნდათ საბოლოო ჯამში, ერთნია არიან”,– აცხადებს ჯაფარიძე რადიო თავისუფლების ეთერში.