რას ნიშნავს ხალხს ვკითხოთ? ხომ არ ბნელა?! – მეგრელიშვილი ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებას, რომ ისინი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

“მე უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ახლა ნაციონალური მოძრაობა მართლა ფიქრობდეს ასეთ გადაწყვეტილებაზე და, ფაქტობრივად, არიონ-რეშკას აგდებდეს. რას ნიშნავს ხალხს ვკითხოთ? მართლა ხომ არ ბნელა. ეს ხალხი პოლიტიკოსები არიან თუ ვინ არიან? ჩვენ, მაგალითად, სულ არ გვეთანხმებიან ხოლმე ჩვენი ამომრჩევლები. რაღაცას ვეტყვით, რომელზეც გვაგინებენ… ენმ-მ, ფაქტობრივად, უნდა ჩაატაროს გამოკითხვა”,– ამბობს მეგრელიშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში.

მისივე განცხადებით, ვერ წარმოუდგენია, რომ ენმ-ს ამომრჩეველმა პარტიის პარლამენტში შესვლას მხარი დაუჭიროს.

“ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი დამუშავებულია ამდენი ხნის განმავლობაში, სიძულვილია ჩადებული. მოღალატეობის ტოლფასი იყო პარლამენტში შესვლა ამ პარტიის მხრიდან, ახლა საკუთარ პოლიტიკოსებს უნდა დართოს ნება [ამომრჩეველმა], რომ გახდნენ ანალოგიური მოღალატეები, ჩმორები თუ ათასი ეპითეტი, რომელიც უწოდებიათ საკუთარი კოლეგებისთვის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს”,– აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ენმ-ს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას განცხადებით, ის რეგიონებში ჩავა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდა.