რას სთავაზობდა ხაზარაძეს ივანიშვილი – ლელოს ლიდერი დეტალებს იხსენებს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მასთან მივიდა ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირი და “მორიგება” შესთავაზა, რაც საპროცესო შეთანხმებას გულისხმობდა.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პირს უარი მაშინვე უთხრა, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

“შემოგვთავაზა, მოდით, მორიგებით დავამთავროთ. წინადადება იყო, რომ ჩვენ რაღაც უნდა გვეღიარებინა და დაგვემთავრებინა ეს თემა. ეს რას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, უნდა თქვა, რომ დამნაშავე ხარ რაღაცაში. რა თქმა უნდა, იქვე ეთქვა უარი ამ პიროვნებას და დამთავრდა ამით. ამაშიც ჩანს დამოკიდებულება, რომ მთავარია მას ჰქონდეს კომპრომატი.

ეს უნდა ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, რომ გვეთქვა, რომ კი, რაღაც შეგვეშალა, რაზეც ვუთხარით უარი. ივანიშვილისგან იყო 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან ის ადამიანი არსებობს და ძალიან გავლენით სარგებლობდა და სარგებლობს ალბათ დღესაც. საპროცესო შეთანხმება არის მაშინ, როცა დამნაშავე ხარ და რაღაც გაქვს ასაღიარებელი, მაგრამ ჩვენ არანაირი მორიგება არ გვჭირდება”,– ამბობს მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადებს.