რას სთავაზობს დევნილთა სააგენტო “ქართლში” მცხოვრებლებს – უწყების განცხადება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობენ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საკითხებზე.

უწყების ცნობით, იქ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

დევნილთა სააგენტო წერს, რა ნაბიჯები გადადგეს ამ დრომდე ოჯახების გამოყვანისა და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით:

● დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;
● ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთ წლიანი ქირის გადახდის შესახებ;
● სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;
● მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას.

● დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტისთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება”,– აცხადებს სააგენტო.

მათივე ცნობით, “ქართლში” მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.

2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”.