რატომ დადის კალაძის ოჯახი კომპანიის მანქანით, რომელმაც მერიის 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო

ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდმა  იმ ავტომანქანის წარმომავლობის და მფლობელობის გარკვევა გადაწყვიტა, რომლითაც კახი კალაძის ოჯახი, მათ შორის მისი მეუღლე გადაადგილდება. 2020 წლის გამოშვების Land Rover Defender –ის ოფიციალური შემომყვანი საქართველოში კომპანია ჯი თი მოტორსია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მერიაში 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამ ტენდერით კალაძემ კომპანიისგან 30 მილიონად 300 მიკროავტობუსი შეიძინა. ტენდერი ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს კი, ტენდერის პირობები იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ მასში გამარჯვების შანსი მხოლოდ კომპანია ჯი თი მოტორსს ჰქონდა, რომელიც საქართველოში Ford–ის წარმომადგენელია.

ტვ პირველი ამბობს, რომ კალაძის ოჯახმა სავარაუდოდ 94 000 ევროდ ღირებული ავტომობილი კომპანიისგან საჩუქრად ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო.

ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, არის თუ არა ავტომობილი, რომელიც კალაძეების წყნეთის სახლის ეზოში დგას გაფორმებული ანუკი არეშიძეზე. თუმცა როგორც გაირკვა, ანუკი არეშიძის სახელზე არცერთი ავტომობილი არ ფიქსირდება. მოგვიანებით მათ  შსს სერვისების სააგენტოს მიმართეს შეკითხვით, ვის ეკუთვნოდა კონკრეტული ნომრის მქონე ავტომობილი, ანუ ის  Land Rover Defender, რომლითაც კალაძის ოჯახი სარგებლობს. უწყებამ ტვ პირველს მისწერა, რომ ავტომობილი კომპანია ჯი თი მოტორსის საკუთრებაა. არადა კომპანია მანამდე უარყოფდა, რომ კალაძის ცოლისთვის ავტომობილი მათ ჩამოიყვანეს და ჟურნალისტებისთვის არც ის უთქვამთ, რომ კალაძის ოჯახი მათ კომპანიაზე გაფორმებული ავტომობილით გადაადგილდება.

თბილისის მერმა ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ხუთშაბათს ამაზე საკუთარ ონლაინ გადაცემაში ისაუბრებს.