რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ, დედაქალაქში დავრჩები – ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.

„რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამიერიდან უშიშროების საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ამ დრომდე უშიშროების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივი პროტესტის ფონზე პოლიციის ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია.