რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. (ვინც არ იცის, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღება არ არის, გაერკვეს).

ზუსტად ასევეა პოლიტიკური კორუფცია ე.წ. “ოცნებასთან დალაგების” თუ “ცალკეული საკითხების მოგვარების” პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხები და რაც არ უნდა იყოს სანაცვლოდ დათმობები.

“დამლაგებლების” და “მომგვარებლების” საშუალო ამოცანა არასდროსაა დემოკრატია, დასავლეთი და ხალხის ინტერესი. ისინი ხელს უწყობენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უბრალოდ, იბრძვიან ამ სტატუს-კვოში საკუთარი ადგილის, გავლენისა და უსაფრთხოების მოპოვებისა და დამკვიდრებისთვის.

“დამლაგებლების” და “მომგვარებლების” მეშვეობით დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება, დემოკრატიული აქტორები არ მოქმედებენ. მათი მეშვეობით ინტერესთა ჯგუფები ოპერირებენ და არა პარტიები. და იმაზე მარტივი ივანიშვილისთვის არაფერია, ვიდრე ინტერესთა ჯგუფებთან დალაგება და პრობლემის განეიტრალებაა. თვითონაც მოიგებს, ინტერესთა ჯგუფიც, ჩვენ პროდასავლელი ქართველები დავრჩებით ხახამშრალი,

ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტში, დღეს 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერას.