რა არის ანაფილაქსიის მიზეზები და რა სიმპტომები ახასიათებს მას – კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინით აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი 90% შემთხვევებში აცრიდან 30 წუთის განმავლობაში ემართებათ, ამიტომ საქართველოში, პროტოკოლის მიხედვით, ყველა ვაქცინირებული აცრის შემდეგ 30 წუთით მოსაცდელში იცდის.

მისი ინფორმაციით, ანაფილაქსიის წამყვანი მიზეზებია: მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, საკვები და ლატექსი. კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ანაფილაქსია ხშირად არაპროგნოზირებადია და  წინასწარ მისი გამოცნობა რთულია.

ალერგოლოგი იმ სიმპტომებსაც ასახელებს, რომელიც ანაფილაქსიისას ვითარდება:

“ძირითადად, ადამიანს კანის რეაქცია ეწყება, გრძნობს სიმხურვალეს, წვასა და ქავილს, იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ხშირად, ადამიანი არის აფორიაქებული. ანაფილაქსიის დროს, ამ ყველაფერს ემატება სუნთქვის გაძნელება ან პულსის გახშირება, წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30%–ით და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილი. თუ ვლინდება კანის რეაქცია და ამათგან რომელიმე ერთი ნიშანი მაინც (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა) მაშინ ვამბობთ, რომ ეს არის ანაფილაქსია”,– ამბობს კულუმბეგოვი ტვ იმედის ეთერში.

მისივე განცხადებით, ანაფილაქსიის დროს პაციენტს პირველ რიგში ადრენალინი უნდა გაუკეთდეს, რაც ამცირებს გამონაყარს, აფართოებს სასუნთქ სისტემას და წნევას ზემოთ წევს.

„რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დექსომეტაზონი არჩევის პრეპარატია. არა, არჩევის პრეპარატია ადრენალინი. ყველაფერი დანარჩენი მეორე რიგის პრეპარატია. ასეთ სიტუაციაში, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სუპრასტინი ან დიმედროლი არანაირად არაა რეკომენდებული, რადგან, შეიძლება, მათ წნევის დაქვეითება, პირიქით, უფრო გააღრმავონ. ეს ხშირი სამედიცინო შეცდომაა.

ამ დროს აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა: ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები, გულთან მიმართებით, ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული და სამედიცინო ჯგუფმა, აუცილებლად სწრაფად, ვენური სისტემის კათეტერიზაცია უნდა დაიწყოს, რათა სითხის შევსება მოხდეს, რასაც გადასხმას ვუწოდებთ. ასევე, აუცილებელია, დარბაზში იყოს ჟანგბადის მიწოდების წყარო. თუ ეს ყველაფერი საათივით, სწორად დათქმულად წავა, მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს, მსოფლიოში, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ანაფილაქსიითკორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია“ -თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.