რა გავლენა მოახდინა კარანტინმა ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ჩვევებზე. ექსპერტები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ

კარანტინი, სოციალური დისტანცირება, სახლიდან მუშაობა, სუპერმარკეტში ნიღბით სიარული და თავყრილობები ზუმში – ამ ყველაფერმა უკვე მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ცვლილებებისა, რომლებიც ყოველ ქვეყანაში და ყოველ საზოგადოებაშ მოხდება.

უკვე ჩატარდა პირველი კვლევები იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს პანდემია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეცნიერები ამ საკითხებზე მუშაობას სულ უფრო დიდ დროს უთმობენ.

ავსტრალიის ფსიქოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარია კოლინზმა თავის სტატიაში ხუთი ძირითადი სტადია ჩამოთვალა, რომლებსაც ადამიანები კარანტინის და თვითიზოლაციისას განიცდიან.

კორონავირუსის იზოლაციისას კოლინზის აზრით ადამიანი შემდეგ სტადიებს გადის:

უნდობლობა (უარყოფა), მრისხანება, სევდა, მიმღებლობა და იმედი.

კოლინზი წერს, რომ პირველ სტადიაზე, რომელიც უმრავლესობამ მარტის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე გაიარა, ადამიანები უბრალოდ უარს ამბობდნენ მიეღოთ ის ფაქტი, რომ საკუთარი ჩვევების შეცვლა და ცხოვრების შეზღუდვა მოუწევდათ იმ მიზეზის გამო, რომელიც მათთვის ხილულიც კი არ იყო.

უნდობლობა მრისხანებამ შეცვალა იმის გამო, რომ ადამიანის ცხოვრების ჩვეული წესი დაინგრა, მას კი არაფრის გაკეთება შეეძლო ამის შესაჩერებლად. ეს ეტაპი იზოლირებულმა ადამიანებმა უკვე გაიარეს.

ამის შემდეგ სევდის სტადია მოდის, როცა მაგალითად ადამიანი სევდიანად უყურებს ფანჯრიდან ერთ დროს ხალხმრავალ ქუჩას, ჩაუვლის გაურკვეველი ვადით დახურულ მაღაზიებს, გაივლის ცარიელ ქუჩაში და ცდილობს გაიხსენოს როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი პანდემიამდე, სოციალურ ქსელებში მაინც ხედავს, რომ მანამდე აბსტრაქტული კორონავირუსი ვიღაც ნაცნობს შეეხო.

მარია კოლინზის თქმით ამჟამად მოსახლეობის უმრავლესობა მეოთხე, მიმღებლობის სტადიაშია. ახალი ყოველდიღური რიტუალები ჩვევად იქცა, უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს, როცა ახალ რეალობას ვიღებთ და ვეთანხმებით მას, იქნება ეს სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციური სწავლება თუ სახლში საკვების მზადება, ან სამსახურის დაკარგვა და ხელისუფლების შემწეობის ლოდინი.

მეხუთე სტადია, ანუ ოპტიმიზმი კი ფსიქოლოგის თქმით კარანტნის ზომების შემსუბუქების შემდეგ იწყება.

“მიმღებლობის სტადიაში ნერვული სისტემა სტაბილურდება და ორგანიზმი ადრენალინის გამოყოფას იწყებს, ადამიანები უფრო კრეატიულები და პროდუქტიულები ხდებიან, მათში რაციონალური აზროვნება კარგად იწყებს მუშაობას“– ამბობს ის.

თუმცა, ლოქდაუნის სრულ მოხსნამდე ჯერ შორია, კრიზისის შედეგები კი წლობით იქნება შესამჩნევი. ეს კი უკვე აისახა, ან აუცილებლად აისახება ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე.

რესტორანი ამსტერდამში იზოლირებული კაბინებით

ექსპერტები იმ რიტუალის გაქრობის შესაძლებლობაზეც საუბრობენ, რომელიც ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია – ხელის ჩამორმევის კულტურა შესაძლოა თანდათანობით გაქრეს. პრაქტიკულად ყველამ კარგად იცის, რომ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა სპეციალისტების რეკომენდაციაა და ურთიერთობების ხარისხთან ან ემოციებთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ნეგატიურ ნალექს ამ რიტუალზე უარის თქმა მაინც ტოვებს – ამით ხომ შეხვედრისას ადამიანებს აღარ ეძლევათ საშუალება ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, მეგობრული და კარგი დამოკიდებულება გამოხატონ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ონლაინ შეხვედრების კულტურაც უკვე იმდენად დამკვიდრდა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კიდევ დიდხანს პირადი შეხვედრები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

პანდემიის პერიოდში ბევრი ცხოვრებისეული ჩვევა და წესი შეიცვალა. მაგალითად, ადამიანებმა, რომლებიც ძირითადად სახლის გარეთ იკვებებოდნენ, სახლში დაიწყეს საჭმლის მზადება. ბუნებრივად შემცირდა მათი სხვადასხვა ხარჯები და სამომხმარებლო ჩვევები.

ბრიტანული საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიის, Legal&General– ის ანგარიშის მიხედვით კარანტინის გამოცხადების შემდეგ ადამიანების ხარჯები ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყო: პროდუქტები, ალკოჰოლი, ონლაინ გართობები და ჰობი.

ამ კატეგორიებზე ადამიანებმა ბევრად მეტის ხარჯვა დაიწყეს. მთლიანობაში სამომხმარებლო ხარჯები კი მარტიდან მკვეთრად შემცირდა, მათ შორისაც კი, ვისაც სამსახური არ დაუკარგავს და ხელფასს სრულად იღებდა.

კარანტინის შედეგები ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით ძალიან მაშტაბური და ამავე დროს არაპროგნოზირებადია.

ნიუ ჯერსის კოლეჯის ანთროპოლოგიის პროფესორი, ჯორჯ ლიდერი ჟურნალ  Sapiens–ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ კარანტინის და სოციალური დისტანცირების ზომები ცივილიზაციის საფუძვლებზე დარტყმაა, რადგან მთელი ევოლუციის მანძილზე ადამიანები გაერთიანებისკენ ისწრაფვოდნენ, ზრდისა და განვითარებისთვის.

კაფე ტაილანდში

არსებობს სხვა მოლოდინებიც: მაგალითად , ალკოჰოლის გაზრდილი მოხმარების გამო ბრიტანელი მედიკოსები ღვიძლის დაავადებების აფეთქებას ელიან. მათ ისიც აწუხებთ, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ჩვევა სპირტიანი სასმელი ვირტუალური სამუშაო დღის დასრულებამდე, ან მუშაობის პროცესში მიიღონ.

ამერიკული მედია წერს, რომ პანდემიის შედეგად უთანასწორობა და მასთან დაკავშირებული კონფლიქტები გაიზრდება.

Washington Post–ს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის თანახმად სახლიდან მუშაობა აზიური წარმოშობის ამერიკელთა 37%–ისთვის და თეთრკანიანი მოსახლეობის 30%–ისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა ეს შესაძლებლობა აფროამერიკული წარმოშობის ამერიკელთა 20%–ს და ესპანური წარმოშობის ამერიკელთა 16%–ს ქონდა.  მათ უმუშევრობა ყველაზე მეტად შეეხო და ყველაზე მეტად რისკავდნენ მაგალითად, ვაჭრობის სჭეროში მუშაობით.

კომპანია Legal&General–ის აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ უილსონი ამბობს, რომ ახლო მომავალში არქიტექტორებს ბინებისა და სახლებისთვის ახალი კონცეფციის მოგონება მოუწევთ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს შესაძლოა სახლში არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ მუშაობა და უდიდესი დროის იქ გატარება მოუწიოთ.

რაც შეეხება ონლაინ განათლების მიღებას, ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მან არ გაამართლა. ამას არაერთი მიზეზი აქვს –ინტერნეტ კავშირის ხარისხით დაწყებული იმით დამთავრებული, რომ ბევრი მასწავლებლისთვის ძალიან არაკომფორტული აღმოჩნდა აუდიტორიის გარეშე მუშაობა და ამის კომპენსირებას ბავშვებისთვის ვიდეოს გამორთვის აკრძალვით ცდილობდნენ.

ექსპერტები თვლიან, რომ სოციალური დისტანცირების ზომების გაუქმების შემდეგაც ადამიანები ინერციით მაინც შეინარჩუნებენ ერთმანეთის შიშს და ჩვევას, აუცილებლობის გარეშე ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ.