რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ – თენგიზ ცერცვაძე 350-კაციან ქორწილში მყოფ ინფიცირებულებზე

350-კაციან ქორწილში მყოფი კაცისთვის კორონავირუსის დადასტურებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება და ამბობს: “რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ”.

მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ხელისუფლება პროპორციული ზომებს იღებს.

“რა ვქნათ, არის ეს, შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ადამიანები ვართ. ქართველები ლაღი ერი ვართ, უფრო ვგავართ ამით იტალიელებსა და ესპანელებს, ვიდრე, ვთქვათ, სკანდინავიელებს ან გერმანელებს, რომლებსაც რასაც ეტყვი, იმას ასრულებენ.

კონტროლი არის, მაგრამ ხელისუფლების შეცდომა არ არის. ხელისუფლება იღებს პროპორციულ ზომებს. ხელისუფლებამ იმაზე მეტი ძალა რომ გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, ეს დიდ დისკომფორტს გამოიწვევს”,– ამბობს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.