რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას?! – ვოლსკი გახარიას განცხადებაზე

“ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას მე ვერანაირად ვერ ვხსნი”,– ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გიორგი გახარიას განცხადებას.

მისი თქმით, გახარიას განცხადება სპეკულაციის მაგალითია, რომელიც მომავალ თაობას უნდა ასწავლო.

“ვინაიდან, ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ახასიათებს ხელისუფლებას, მათ შორის გახარიას ხელმძღვანელობის პერიოდის დროსაც. მას მერე არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა. ის რაც მის განცხადების შინაარსში დევს, ეს არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელიც შეიძლება მომავალ თაობას ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცნენ, როცა პოლიტიკურ პოზიციას იცვლიან”,– თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებზე ძალადობა და პოლიციის უმოქმედობა შეაფასა და მას “უსუსურობა” უწოდა. გახარიას აზრით, 5 ივლისს სახელმწიფო ჩამოიშალა.