რა წერია ახალ დოკუმენტში, რომელიც მედიატორებმა მხარეებს გააცნეს

მედიატორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ახალი დოკუმენტი წარუდგინეს. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დოკუმენტში შეტანილია როგორც პოლიტპატიმრების, ისე რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

“ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ორივე პოლიტპატიმრის საკითხი უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს შეწყალება. ორივე მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია, რომ ქართულმა ოცნებამ 43% უნდა აიღოს”,– ამბობს ვაშაძე.

დოკუმენტის მიხედვით, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%–ს ვერ აიღებს, ვალდებული იქნება, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.

ასევე, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან ერთი და იგივე ვადაში გამოვლენ, მელიას კი თავდებში ევროკავშირი ჩაუდგება.

მმართველი პარტია შეხვედრაზე არ მისულა, მიზეზი უცნობია. ოპოზიციური პარტიები მოსათათბირებლად არიან გასულები.