“რთულად გადავიტანე მათი წასვლა“–გრიგოლიას პირველი კომენტარი ტვ პირველიდან კოლეგების წასვლაზე

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა და არხზე გადაცემა რეაქციის წამყვანად დარჩა, ტვ პირველიდან ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილის და დიანა ტრაპაიძის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა. გრიგოლიამ გადაცემა არხზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით გახსნა. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ კოლეგების გადაწყვეტილებაზე გული წყდება, თავად კი არხიდან წასვლას არ აპირებს:

“ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება. დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე… ვერ მოგატყუებთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა: რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის გადმოსაცემად და ალბათ რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც ახლა განვიცდი.

მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს სხვა არხებზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში ჩემს კოლეგებს, რომელიც მათი თანმდევი იყო დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია ტვ პირველი, რომელიც შვილივით მიყვარს.მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. ტვ პირველია ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც მე იშვიათად მინახავს.“– ამბობს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტვ პირველი პარასკევს დატოვეს. დღეს კი დიანა ტრაპაიძემ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ არხს ისიც ტოვებს.