რთულია გახსენება, დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს – გორბაჩოვი 9 აპრილზე

საბჭოთა კავშირის პირველმა პრეზიდენტმა, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარემ, მიხეილ გორბაჩოვმა ონლაინგამოცემა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი სათაური „გაიგო პერესტროიკა, დაიცვა ახალი აზროვნება“.

ის წერილში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ უჭირს ამ დღის გახსენება. გორბაჩოვის მტკიცებით, აქციის დაშლის გადაწყვეტილება მის ზურგს უკან მიიღეს.

„სეპარატისტულმა ტენდენციებმა ძალიან სწრაფად დაიწყო გაძლიერება ეროვნულ მოძრაობებში. რესპუბლიკების პარტიულ ლიდერებს არ შეეძლოთ დემოკრატიის პირობებში მუშაობა. დაიბნენ. ეს კარგად გამოჩნდა საქართველოში, როდესაც 1989 წლის აპრილში ხალხი გამოვიდა თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები ასევე უნდა გასულიყვნენ ხალხთან, მათ კი ბუნკერში ჯდომა ამჯობინეს და საქმე უბედურებამდე მივიდა: დემონსტრანტებისგან ტერიტორიის “გაწმენდად” ძალა იქნა გამოყენებული, 21 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა. ძნელია ამის გახსენება. მაგრამ შემიძლია სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისში აქციის დაშლის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ და შემდეგაც მე მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე“,– წერს გორბაჩოვი წერილში.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის ჯარები მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოთხოვნით იყვნენ შეკრებილი, სასტიკად გაუსწორდნენ. სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით შეიარაღებული ჯარისკაცების მიერ მოქალაქეების დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ასობით ადამიანი.