რიონის ხეობის მცველებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკით სცადეს

ფოტო: დათო სიმონია

სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ნაწილმა რკინის ბარიკადებისთვის თავის არიდება და ნამახვანისკენ გადასვლა ტყის ბილიკით  სცადა. მათ პოლიციელებმა ტყეში მიუსწრეს, ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერეს და უკან გამოაბრუნეს.

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ტყის ბილიკით გადასვლას 50-მდე ადამიანი ცდილობდა. მისივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.

რამდენიმე წუთის წინ აღმართულ ბარიკადებთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამჟამად ვითარება შედარებით განმუხტულია, ჰესის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე აბრახუნებენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობენ.