რიში სუნაკი: დროა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

რუსეთსა და უკრაინას შორის გახანგრძლივებული სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის აძლევს ხელს, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც შეისწავლა ბრიტანეთის მიდგომა კონფლიქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში პრემიერ მინისტრი გახდა.

სუნაკის თქმით, ახლა არის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გააქტიურების შესაძლებლობა.

„პრემიერმა თქვა, რომ ახლა აშკარაა, რომ რუსეთს არ აქვს ინიციატივა და არის შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ, რაც სუნაკმა ეს საკითხი აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ეს ახალი სტრატეგია მხარდაჭერის გასაძლიერებლად მოიცავს უფრო აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის დაგეგმვას.

მანამდე სამშაბათს ბრიტანეთის კაბინეტს ეცნობა, რომ რუსეთის ძალებს აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა ჰქონდათ.

მინისტრებს უთხრეს, რომ რუსეთი განიცდის “მნიშვნელოვან გამოფიტვას მისი ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფში“ რადგან აშშ-ის შეფასებით, დაახლოებით 188,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა და რუსულმა არმიამ დაკარგა ტანკების ორი მესამედი.