როგორც კი დავინახავ, რომ ენმ-ს დაბრუნების რისკი ნულთან ახლოსაა, პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს – წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როცა ენმ–ს ხელისუფლებაში “დაბრუნების რისკები ნულთან ახლოს იქნება”, პოლიტიკაში საქმე აღარ ექნება.

“ჩემთვის მდგომარეობა, რომ მშვიდად წავიდე სახლში არის ის, თუ გინდათ, რადიკალად შემრაცხეთ, რომ, როგორც კი მე დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში.

ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, რომ მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო… მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას [თავისუფალ დემოკრატებს], რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ..”,– თქვა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში ბევრი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი ქვეყანაში პოლიტიზებული გარემო რომ არ იყოს.

“ჩვენ არ ვართ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებასა და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“, – თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.