როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება, რომ პირველივე ტურში 1 კანდიდატი ჰყავდეს ოპოზიციას – ბესელია

“პარტია სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი ეკა ბესელია ამბობს, რომ როგორც ჩანს, ყველა ოპოზიციური პარტია ვერ შეთანხმდება არჩევნების პირველივე ტურში საერთო კანდიდატის დაყენებაზე.

მისი თქმით, მზად არის კომპრომისზე წავიდეს, რათა ოპოზიციას პირველივე ტურში ერთი კანდიდატი თუ არა, რამდენიმე ჰყავდეს, რათა ხმები არ დაიქსაქსოს.

“ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციას ეყოლება მაგალითად, 5-6 კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქში, თუ ეყოლება 2, გაცილებით უფრო ადვილი იქნება, რაც უფრო ცოტაა კანდიდატი, კონსოლიდირება ოპოზიციური ხმების. ამიტომ მე ვემხრობი, რომ არ იყოს ბევრი ოპოზიციური კანდიდატი”,-ამბობს ბესელია მთავარ არხზე.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები პირველ ტურში საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ იმაზე მაინც უნდა შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის მხარეს მოხდეს კონსოლიდირება.

ბესელიამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების კანდიდატებს შორის არ ეგულება არავინ, ვისაც ხმას მისცემს.