როგორ დასრულდება ომი უკრაინაში–5 შესაძლო ვარიანტი ომის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ

ნებისმიერ ომს ცვალებადობა ახასიათებს. პროცესი ოკეანის მიქცევა–მოქცევას ჰგავს. გამონაკლისი არც რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

უკრაინული თავდაცვის ძალების სწრაფი განადგურების საფრთხე მალევე შეიცვალა რუსული უკანდახევით და უკრაინული წინააღმდეგობის გაძლიერებით. თავის მხრივ, ის მოგვიანებით რუსეთის უფრო კონცენტრირებულ შეტევას წააწყდა უკრაინის აღმოსავლეთით. ომის დაწყებიდან ასი დღის თავზე, შეიძლება თუ არა უკვე ვილაპარაკოთ, თუ როგორ დამთავრდება ის?

არსებობს 5 პოტენციური სცენარი, რომლებიც ერთმანეთს არ გამორიცხავს, თუმცა საკმაოდ რეალურად გამოიყურება. ვნახოთ, რა ვარიანტებს განიხილავს დასავლური მედია, რას ფიქრობენ ექსპერტები და ისტორიკოსები.

  1. ხანგრძლივი ომი გამოფიტვისთვის

ომი შეიძლება კიდევ თვეები გაგრძელდეს, შესაძლოა წლებიც, სანამ უკრაინული და რუსული არმიები სისტემატურად გაანადგურებენ ერთმანეთს.

ყველაფერი იმის კვალდაკვალ იცვლება, როცა ერთი ან მეორე მხარე ტაქტიკურ მარცხს განიცდის ან წარმატებას აღწევს. არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს სტრატეგიული გამძლეობის შემთხვევაში და ფსონს იმაზე დებს, რომ დასავლეთი დაიღლება უკრაინის დახმარებით და საკუთარ ეკონომიკაზე, ან ჩინეთის საფრთხეზე გადაერთვება.

თუმცა; დასავლეთი  ჯერჯერობით უკრაინას კვლავ ამარაგებს იარაღით. ბრძოლის ველზე პრაქტიკულად ფრონტის ხაზები შეიქმნა, რაც ომის პირველ ეტაპზე არ იყო. ომი თანდათანობოით “დაუსრულებელ პოზიციურ ბრძოლებად“ იქცევა.

“მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავ რომელიმე მხარის დამანგრეველი ტაქტიკური ან სტრატეგიული გამარჯვების შანს . ჯერჯერობით ომში ჩართულ არცერთ მხარეს არ უჩვენებია უნარი, გადამწყვეტი სტრატეგიული დარტყმა მიიტანოს მოწინააღმდეგეზე“– ამბობს გადამდგარი ავსტრალიელი გენერალი მიკ რაიანი.

  1. პუტინი ზავს გამოაცხადებს

რა მოხდება, თუ პუტინი მსოფლიოს გააოცებს და ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტას გამოიაცხადებს? ამგავარად მან შესაძლოა მოახერხოს უკვე დაპყრობილი ტერიტორიების დამაგრება და გამარჯვება გამოაცხადოს.

პუტინმა შეიძლება თქვას, რომ მისმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციამ“ მიზნებს მიაღწია: კრემლის მხარდაჭერით დონბასელი სეპარატისტები საიმედოდ არიან დაცულები, ყირიმის მიმართულებით კი სახმელეთო კორიდორი გაჭრილია. ამის შემდეგ, ის შეძლებდა მორალური უპირატესობის პოზიციიდან აიძულოს უკრაინას შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები.

“რუსეთს შეეძლო ეს ხერხი ნებისმიერ მომენტში გამოეყენებინა, თუ მოინდომებდა ევროპის სურვილის კვალდაკვალ წასულიყო, რომელსაც სურდა უკრაინა დაერწმუნებინა, რომ ჯობს ბრძოლა შეწყვიტოს და უარი თქვას საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე პირობითი მშვიდობის სანაცვლოდ“– ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის რუსეთის ექსპერტი კირ ჯაილსი.

ასეთმა თვალსაზრისმა უკვე გაიჟღერა პარიზში, ბერლინში და რომში: რატომ უნდა გაგრძელდეს ომი, ჯობს მივაღწიოთ მშვიდობას და მოვაგვაროთ გლობალური ეკონომიკური პრობლემები.

თუმცა, ამის წინააღმდეგია აშშ, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, რომელთა პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული აგრესია მარცხით უნდა დამთავრდეს, რაც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დანარჩენი ევროპის და მთელი საერთაშორისო წესრიგის ინტერესებშია.

ასე რომ, რუსეთის მიერ ზავის ცალმხრივმა გამოცხადებამ შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს, თუმცა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ვერ გამოიწვევს.

  1. ჩიხური სიტუაცია ბრძოლის ველზე

წარმოვიდგინოთ ვარიანტი, თუ რუსეთი და უკრაინა დაასკვნიან, რომ საომარი გზით ვეღარაფერს აღწევენ და ჯობს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის მოლაპარაკებები დაიწყონ.

დავუშვათ, მათი არმიები გამოიფიტა, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. ომის გაგრძელება უკვე აღარ ღირს დაღვრილ სისხლად და დახარჯულ რესურსებად. რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დანაკარგები აუნაზღაურებელია. უკრაინელი ხალხიც დაიღალა ომისგან. ადამიანებს აღარ უნდათ სიცოცხლის გარისკვა ილუზორული გამარჯვებისთვის.

წარმოვიდგინოთ, რომ კიევში ხელმძღვანელობამ დაკარგა რწმენა, რომ დასავლეთი მათ დაეხმარება, გადაწყვიტა, რომ ჯობს მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

ამერიკის პრეზიდენტი ხომ ღიად ამბობს, რომ ამერიკელების მიზანია ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ უკრაინელებს მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ქონდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ბევრი საუბრობს უკვე, რომ  დასავლეთის სურვილი რუსეთმა წააგოს, არ უდრის უკრაინის გამარჯვების სურვილს.

თუმცა, რეალობაში ბრძოლის ველზე ჩიხური სიტუაცია შესაძლოა კიდევ ბევრი თვე არ დადგეს, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება კი ძალიან რთული იქნება.მიზეზი ისიც არის, რომ  კიევს მოსკოვის არ სჯერა. კიევი თვლის, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინთან მის მიერ გამოყენებულ იქნება სულის მოთქმის საშუალებად, რათა ძალები მოიკრიბოს და ახალი თავდასხმისთვის მოემზადოს.

ასე რომ, სამშვიდობო შეთანხმება დიდხანს ვერ გაქაჩავს და საბრძოლო მოქმედებები ახალი ძალით განახლდება.

  1. უკრაინა იმარჯვებს

შეუძლია თუ არა უკრაინას, ყველაფრის მიუხედავად მიაღწიოს  გამარჯვებას, ან რამეს გამარჯვების მსგავსს? შეუძლია თუ არა მას აიძულოს რუსული ჯარი საზღვრებამდე დაიხიოს უკან და ომამდელ პოზიციებს დაუბრუნდე? ან დაიბრუნოს 8 წლის წინ დაკარგული ტერიტორიები?

“უკრაინა ნამდვილად მოიგებს ამ ომს“–თქვა ამ კვირას ზელენსკიმ მორიგ ინტერვიუში.

რა იქნება, თუ რუსეთი  ვერ შეძლებს დონბასის აღებას და ახალ მარცხს განიცდის?

რუსეთის სამხედრო მანქანა ისედაც დასავლური სანქციების დარტყმის ქვეშ არის.  და კიდევ უკრაინა, რომელიც შორსმსროლელი საარტილერიო სისტემების მიღების შემდეგ კონტრშეტევაზე გადავა და დაიკავებს ტერიტორიას, სადაც რუსული არმიის მომარაგების ხაზებია გაჭიმული.

რა იქნება, თუ უკრაინა საკუთარ არმიას გარდაქმნის და თავდაცვითი არმიის ნაცვლად შემტევ არმიად?

ასეთი სცენარი სრულიად რეალურია საიმისოდ, რომ ახლავე აიძულოს პოლიტიკოსები შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ. თუ პუტინს გარდაუვალი მარცხი ემუქრება, ხომ არ გამოიყენებს ის ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს?

“ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ პუტინმა ჩვეულებრივ ომში მარცხი აღიაროს, როცა მას ბირთვული იარაღი აქვს“– თქვა ცოტა ხნის წინ ლონდონის სამეფო კოლეჯში გამართულ სემინარზე ისტორიკოსმა ნიალ ფერგიუსონმა.

  1. იმარჯვებს რუსეთი

მოდით განვიხილოთ რუსეთის შესაძლო “გამარჯვების“ ვერსიაც.

დასავლეთი კვლავ ხაზს უსვამს, რომ რუსეთს, მიუხედავად განცდილი მარცხისა, კვლავ აქვს კიევის აღების და უკრაინის დიდი ნაწილის დამორჩილების გეგმები.

ერთ–ერთი ოფიციალური ჩინოვნიკის თქმით, ეს პროგრამა – მაქსიმუმი არავის გაუუქმებია.

რუსეთმა შეიძლება დონბასში წარმატებით ისარგებლოს, რათა ჯარები გამოათავისუფლოს სხვა მიმართულებით გადასასროლად, მაგალითად კიევზე შეტევისთვის.

დავუშვათ, რუსეთის არმიის რაოდენობრივი უპირატესობა და მეთაურობის მზადყოფნა, მომვალშიც ადვილად გაწიროს მისი ჯარისკაცები, შედეგებს იძლევა, უკრაინულ ძალებს კი დიდი დანაკარგები აქვთ.

როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ომში ყოველდღიურად ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება და დაახლოებით 500 იჭრება.

საზოგადოებრივი აზრი შეიძლება გაიყოს: უკრაინელთა ნაწილმა მოინდომოს ომის გაგრძელება, ნაწილმა კი სამშვიდობო ხელშეკრულებას მოითხოვოს, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. შეიძლება დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანაც დაიღალოს უკრაინის დახმარებით.

თუმცა, მეორეს მხრივ, თუ ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი იმარჯვებს, უკრაინის მოკავშირეთა ნაწილს მაინც შეიძლება გაუჩნდეს სურვილი კონფლიქტი ახალ დონეზე გადაიყვანოს.

როგორც კერძო საუბარში ერთ–ერთმა დასავლელმა დიპლომატმა თქვა, კარგი იქნებოდა დასავლეთმა წყნარ ოკეანეში ბირთვული იარაღი გამოსცადოს რუსეთის გასაფრთხილებლად.

ასე რომ, რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულის წინასწარმეტყველება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.