რომის პაპმა ქართულ სამრევლოს რომში ტაძარი გადასცა

რომის პაპმა ფრანცისკემ ქართულ სამრევლოს რომში მდებარე ეკლესია 70 წლის ვადით გადასცა. ამის შესახებ, ინფორმაციას რომის ქართული სამრევლო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში . წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია , სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის , რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ , რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში , მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ , რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.
დიდ მადლობას ვუხდით , საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს , ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ – მუხრანელს გაწეული დახმარესთვის და თანადგომისთვის.
ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,უწმიდესა და უნეტარეს ილია2, ჩვენი ეპარქიის მმართველს , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას””- წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.