რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, ბიძინა ივანიშვილს ის “მემკვიდრედ” რომ არ დაეტოვებინა.

“ივანიშვილი წავიდა და ქართულ ოცნებაში მემკვიდრე დატოვა?! თუკი საიდანღაც მივდივარ, იქ მემკვიდრეს არ ვტოვებ! რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, რაც კობახიძემ ძალიან კარგად იცის. რიგითი „ქოცისთვის“, რომელიც პარლამენტში ზის, კობახიძე არის მარსიანელი, უცხო სხეული. თუკი ის ივანიშვილის უცხო სხეულს იტანდა, რადგან იქ ივანიშვილი იყო 5-მილიარდითა და თავის დროზე მომგები, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და თავზე დაასვეს. პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი კობახიძე პირდაპირი მონაა“, – თქვა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ლოგიკური იქნებოდა, პარტიის თავმჯდომარე კახა კალაძე გამხდარიყო, მაგრამ კობახიძე წინ წავიდა, რადგან “კარგად იცის, ივანიშვილს როგორ შეუძვრეს”.