ადვილია 50 კაცი შეკრიბო შენობაში, როცა გარეთ ვერ ახერხებ 1000-ის შეკრებას – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას “ამორალურ სპეკულირებაში” ჩართული ჰყავს ჟურნალისტებიც, რაც, მისი აზრით, მალე დასრულდება.

“გუშინ ნახეთ, რომ, სწორედ ამ ამორალურობის გამო, რუსთაველის გამზირზე 1000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა – საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ამორალური ადამიანები არიან და ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და მათ ამაზე საკადრისი პასუხი გაეცათ, მათ შორის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე.

აქ იყო მცდელობა, რომ შიგნით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო პროტესტის რაღაც ფორმა. პარლამენტის შენობა არაა მიტინგების სივრცე”,– ამბობს კობახიძე “იმედთან” საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ. ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს ამის საშუალება არ მისცა. ჟურნალისტებმა პარლამენტში გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ, ლიდერებმა კი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. მმართველმა პარტიამ გომელაურის მოსმენა ჩაშალა, რადგან ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერები არ აიღეს.