როცა სესხის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს – კალაძე

როცა სესხის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს – ამის შესახებ, მოქმედმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სესხის საჭიროება და აუცილებლობა საქართველოს არ აქვს.

“ყველა ის მსხვილი პროექტი, რომელიც ხორციელდება, მაგალითად, ავტობუსების შესყიდვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხდება. შესაბამისად, სახელმწიფომ დაიწყო ამ ვალების დაბრუნება. თუ იმის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, რომ ჩვენ გვინდა დამატებით 70 მილიონი სესხად ავიღოთ და კონკრეტული ადამიანები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ეს არის თითქოს დახმარება, საჩუქარი – ეს ასე არ არის. ეს არის სესხი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მომსახურება. თუ ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს”, – თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ვიოლა ფონ კრამონისა და ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, შესაბამისად ქვეყანა ვერ მიიღებდა იმ დახმარებას რომელიც უბრალოდ არც ეკუთვნოდა.

ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს მთავრობამ  ვერ შეასრულა კრიტერიუმი, მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება რადგან რეპუტაცია დაუზიანდებოდათ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს დახმარებაზე უარის თქმა დაასწრო, რითიც, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა კანონის უზენაესობაზე, გამართულ სასამართლო სისტემაზე და  მოსამართლეების დანიშვნაზე ისეთი სახით როგორითაც შეესაბამებოდა ევროპულ სისტემას.

აღნიშნული ფინანსური დახმარება და არა სესხი, კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა.