რუსებმა სევერდონეცკის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვა სცადეს, რა დროსაც უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს – 2 ივნისის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აჯამებს უკრაინაში მიმდინარე ომის 99-ე დღეს.

“2 ივნისის შეჯამება უკრაინაში: – ლუგანსკის რაიონში ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინული არტილერია ლისიჩანსკის სიმაღლეებიდან ინტენსიურად ბომბავს რუსულ პოზიციებს სევეროდონეცკის მიმართულებით. ამასთან, როდესაც რუსებმა სევეროდონეცკის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვა სცადეს უკრაინულმა დანაყოფებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინტენსიური ბრძოლა ქალაქის სამხრეთის რაიონების ქუჩებში გრძელდება. უკრაინელთა ცნობით მარტო დღეს რუსებმა 150 სამხედრო დაკარგეს ქალაქისათვის ბრძოლაში.

დღეს სევეროდონეცკში უკრაინული სპეციალური დანაყოფის რაზმმა სეპარატისტი და რუსი სამხედრო ტყვეების აყვანაც კი შეძლო. ქალაქისათვის ბრძოლა რუსების დიდი დანაკარგების ფონზე მიმდინარეობს. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელები უფრო მეტად ფლანგებზე კარგავენ პოზიციებსა და ცოცხალ ძალას, ვიდრე უშუალოდ სევეროდონეცკში, სადაც რეალური საფრთხის ფონზე რიგი დაუცველი პოზიციებიდან ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო სადაც გამაგრებულები არიან იქ კარგად ართმევენ თავს რუსულ შეტევას.

– რუსები ცდილობენ ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთიდან მიადგნენ. ჯერჯერობით ქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ზოლოტეს ზღუდე ისევ დგას, თუმცა ლისიჩანსკიდან 10 კილომეტრში, სოფელ უსტინივკაში ბრძოლა ინტენსიურ ფაზაში შედის. ამასთან, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გზის გადაკეტვა, თუმცა დღის განმავლობაში არაერთხელ იყო ამის მცდელობა.

– ბერდიანსკის პორტში მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა. რთული სათქმელია რა იყო სამიზნე და რისი მეშვეობით განხორციელდა იერიში, მაგრამ უკრაინელები რუსული სამხედრო ხომალდების დაზიანების შესახებ იუწყებიან.

– რუსები აცხადებენ, რომ უკრაინელები ერთი კვირაა ინტენსიურად ბომბავენ დონეცკსა და მის შემოგარენს. რთული სათქმელია რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით.

– რთული ჰუმანიტარული სიტუაციაა მარიუპოლში. ქალაქს არ აქვს წყალი, გაზი და დენი. რუსები კვლავ თხრიან მასობრივ სამარხებს რათა ახალი თუ წინა დღეების გარდაცვლილები დამარხონ. როდესაც უკრაინელები ამ ქალაქს გაათავისუფლებენ ძალიან ბევრი რუსული დანაშაული იხილავს დღის სინათლეს.

– რუსული საარტილერიო იერიშები ძალიან ინტენსიური გახდა როგორც დონეცკის, ისე ხერსონის რაიონში. ამ უკანასკნელში უკრაინელთა წინსვლა რუსების ევაკუაციის ფონზე კვლავ გრძელდება. რუსებმა ყველა იმ სოფლიდან გასვლა გადაწყვიტეს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონია. ზოგადად ხერსონში წინსვლა მნიშვნელოვანი სტიმულია უკრაინელებისათვის.”- წერს კობერიძე.