რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონი დოლარის აღჭურვილობა მოიპარეს

კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლისას მათ თან წაიღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კუთვნილი 135 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა და ტექნიკა. ამის შესახებ The Washington Post უკრაინის გაუცხოების ზონის მართვის სააგენტოს მეთაურის, ევგენი კრამარენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

კრამარენკოს თქმით, მოპარული ტექნიკის  ნაწილი GPS- ტრეკერებით იყო აღჭურვილი და ზოგიერთი მათგანი ისევ გადმოსცემს მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ.

“ვხედავთ, რომ აპარატურის ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზეა, საზღვართან ახლოს. ნაწილი კი ბელორუსის ტერიტორიაზე გადაადგილდება – გომელში, მინსკში, სხვა ადგილებზე“– ამბობს ის.

რუსი სამხედროების წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ატომური ელექტროსადგურიდან გამქრალი იყო 698 კომპიუტერი, 344 ავტომობილი, ათასხუთასი დოზიმეტრი, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ყველა საშუალება, რომლებიც სადგურისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი აღჭურვილობაა.

ატომური ელექტროსადგურის ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორიის დირექტორი, ნიკოლაი ბესპალი გაზეთს ეუბნება, რომ აღჭურვილობაზე დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალურად სადგურისთვის შეიქმნა და ამიტომ შეუცვლელია. მის გარეშე შეუძლებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება, რომლითაც ლაბორატორიაა დაკავებული – მაგალითად რადიაციის დონის მონიტორინგი გაუცხოების ზონაში აალების ნიშნების აღმოსაჩენად.

“რუსები მათ გამოყენებას ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა უნიკალურია, სპეციალურად ჩვენი მოწყობილობებისთვის გაკეთდა“– ამბობს ბესპალი.

მანამდე აშშ–ს ვაჭრობის მინისტრმა, ჯინა რაიმონდომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციების გამო რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტი 70%–ით შემცირდა. ამიტომაც უკრაინელები ხშირად პოულობენ რუსულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც მაცივრების და სხვა კომერიციული სამრეწველო საქონლის დეტალებით არის გატენილი – თქვა მინისტრმა.