რუსებს საქართველოში შესვლაზე უარს მასობრივად ეუბნებიან–მედია

საქართველომ რამდენიმე კვირის წინ რუსი ვიზიტორებისთვის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა რუსეთიდან გაქცევის მსურველთათვის. ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია წერს.

ერთ–ერთი  რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო საზოგადოებრივი ორგანიზაცია Free Russia Foundation–ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორის, ეგორ კუროპტევის კომენტარს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველომ საზღვარზე კონტროლი რუსეთიდან ჩამსვლელებისთვის რამდენიმე კვირის წინ გაამკაცრა. თუ აქამდე საზღვრის კვეთაზე უარის ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ამ ორგანიზაციის მონაცემებით საზღვრიდან დღეში უკან აბრუნებენ რამდენიმე ათეულ რუსს.

“არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, არც საქართველოში ცხოვრების ფაქტს, არც ბინის იჯარის კონტრაქტის არსებობას. თუ არ გაქვს ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სხვა არანაირი დოკუმენტი აღარ არის გარანტია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ საქართველოში შეუშვებენ“– ამბობს კუროპტევი.

ამასთან, ის აზუსტებს, რომ მათ შორის, ვისაც საქართველოში შესვლაზე ბოლო დროს უარი უთხრეს, არიან აქტივისტები, ჟურნალისტები, იურისტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან ამ ქვეყანაში რუსეთიდან გადასვლა მათი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხის გამო გადაწყვიტეს.

მედია  ასევე აღნიშნავს, რომ საზღვრის კვეთაზე უარს მათაც ეუბნებიან, ვინც საქართველოში ავტოტრანსპორტით თურქეთიდან მოდის. აგვისტოს ბოლოს რუსეთის გენერალურმა საკონსულომ თურქეთის ქალაქ ტრაბზონში განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად დაფიქსირდა. საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ჩრდილო–კავკასიის ფედერალური ოლქის და ოკუპირებული ყირიმის მაცხოვრებლებს, რომლებსაც რუსული პასპორტები ქონდათ.