რუსეთის არმიაში 6 სამხედრო მეთაური გადააყენეს, 10 დაიღუპა– ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ანგარიშში, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, წერს, რომ რუსულ გენერალიტეტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ცვლილებებია.

  1. რუსული შეიარაღებული ძალების სუსტი მოქმედებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდა და მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურის მოხსნა გამოიწვია 2022 წლის თებერვლიდან.
  2. პოსტები დაკარგეს აღმოსავლეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებმა. აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო მაისში მოხსნეს.
  3. გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, არ ესწრებოდა 31 ივლისს სანკტ–პეტერბურგში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად. დიდი ალბათობით ის გენერალ–ლეიტენანტმა ვლადიმირ კოჩეტკოვმა შეცვალა. კოჩეტკოვის გვარი რუსეთის ოფიციალურმა მედიამ ამ დღესთან დაკავშირებით არაერთხელ მოიხსენია, როგორც მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.
  4. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი თანამდებობიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც დაავალეს უკრაინაში ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა კი სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურობა გადაიბარა გენერალ გენადი ჟიდკოსგან.
  5. თანამდებობიდან გათავისუფლებების გარდა, მინიმუმ 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლის ველზე. ეს კუმულატიურ ზემოქმედებას ახდენს რუსული არმიის მეთაურობის თანმიმდევრულობაზე, რაც თავის მხრივ, იწვევს მათ ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს – წერს ბრიტანული დაზვერვა.