რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზოვსტალი სრულად “გაათავისუფლა“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა მთლიანად აიღო მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანა, სადაც კვირების განმავლობაში აზოვის ბატალიონი და სხვა უკრაინული ნაწილები იყვნენ გამაგრებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ იქ დარჩენილი ხუთასამდე მებრძოლიც ჩაბარდა. სამინისტროს განცხადებით მინისტრმა შოიგუმ ქარხნის “სრული გათავისუფლების“ შესახებ უკვე მოახსენა პრეზიდენტ პუტინს.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის სამრეწველო ზონა მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

უკრაინულ მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე პარასკევს, აზოვსტალში  დარჩენილმა უკრაინელმა მეომრებმა გამოაცხადეს, რომ ისინი დანებებას დათანხმდნენ. ბატალიონ „აზოვის“ მეთაურმა, ამავე ცნობის თანახმად, განაცხადა, რომ არმიის სარდლობის ბრძანებით, მარიუპოლის დაცვა უნდა შეწყვეტილიყო,   უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.