რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების უფლება მისცა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ პუტინს საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების უფლება მისცა. მას მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პუტინის წარმომადგენლის თქმით, ეს უფლება აუცილებელია დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით “მშვიდობის შესანარჩუნებლად”.

რუსეთის ზედა პალატის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი ელიან, რომ ძალები შეასრულებენ სამშვიდობო ამოცანებს.

განკარგულების მიხედვით, “რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საერთო რაოდენობას, მათ სამოქმედო ზონებს, ამოცანებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ ყოფნის პერიოდს განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად”.

ცნობისთვის, გუშინ, 21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.