რუსეთი ამერიკული სანქციების საპასუხოდ ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს და სხვა ზომებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით ათმა ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს. ეს არის პასუხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე, რომელიც ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდა.

ვაშინგტონმა ფართომასშტაბიანი სანქციები მოსკოვს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის, კიბერშეტევების, უკრაინაში აგრესიის გამო და სხვა “საზიანო” ქმედებებისთვის დაუწესა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ლავროვმა საპასუხო სანქციებზე განცხადება 16 აპრილს გააკეთა, სერბ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა განაცხადა ასევე სხვა ზომების შესახებ, რომლებსაც რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ, 15 აპრილს დაწესებული სანქციების საპასუხოდ.

დიპლომატების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ამერიკის 8 ოფიციალურ პირს სანქციებს დაუწესებს და დაასრულებს რუსეთში იმ ამერიკული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან. მოსკოვი ასევე განიხილავს შესაძლო “მტკივნეულ” ზომებს რუსეთში მოქმედი ამერიკული ბიზნესების წინააღმდეგ. სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.

ლავროვის თქმით, მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ  სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.

როგორც ლავროვმა თქვა, ზომების მთელი სია მომავალ დღეებში გამოცხადდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა 8 ამერიკელი მოხელე შეიყვანა „შავ სიაში“ და მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. მასში სხვათა შორის შეიტანეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ასევე აშშ-ის გენერალური პროკურორი.

მინისტრის თქმით, რუსეთი ჯერ „სათადარიგოდ შეინახავს“ აშშ-ზე ეკონომიკური ზემოქმედების ზომებს.

ლავროვმა თქვა ასევე, რომ მოსკოვმა დადებითად მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეთავაზება ვლადიმირ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ. თუმცა, რუსეთის მხარეს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.

შეერთებული შტატების სანქციები შეეხო 32 სუბიექტს, რომელთა შორისაა რუსული კომპანიები და ფიზიკური პირები. ასევე – რუს დიპლომატებს და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია განიხილებოდა, თუმცა მათ თავი აარიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას. პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი.