რუსეთი ბელორუსს ომში ითრევს–უკრაინის გენშტაბი

რუსები კვლავ ცდილობენ ბელორუსი უკრაინასთან ომში უშუალოდ ჩაითრიონ. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან, ბელორუსის ტერიტორიაზე უშუალოდ შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ ჩანს, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ლუნინეცის სამხედრო აეროდრომის რეკონსტრუქცია, რომელიც ბელორუსში, საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. აეროდრომზე წესრიგში მოჰყავთ ყაზარმები და საერთო საცხოვრებლები პირადი შემადგენლობისთვის, საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის გენშტაბი ვარაუდობს, რომ იგეგმება აეროდრომის ინფრასტრუქტურის დიდი ხნით გამოყენება, მათ შორის რუსი სამხედროების მიერ.

ასევე ,საინჟინრო სამუშაოები გრძელდება ზიაბროვკას აეროდრომზე, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად იქ საზენიტო–სარაკეტო დივიზიონი და რამდენიმე რადიოსალოკაციო სადგურია განლაგებული. სარაკეტო დივიზიონის ელემენტები შეინიშნება ჟიტომირის ოლქიდან 180 კილომეტრში ოსიპოვიჩის რაიონში.

გრომოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ ხელმძღვანელობით გრძელდება კერძო დაცვის საწარმოს, გარდ სერვისის თანამშრომლების მომზადება. ეს ორგანიზაცია ბელორუსში 2020 წლის არჩევნების წინ შეიქმნა, მასობრივი პროტესტების წინ. ლუკაშენკოს ბრძანებით მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით “გრანდ სერვისი“ ბელორუსის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოსთან არის დაკავშირებული და “ვაგნერის“ მსგავს ფუნქციებს ასრულებს – მესამე სამყაროს ქვეყნებში ობიექტებს და ტვირთებს იცავს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები დროს ტყუილად არ კარგავენ. გრომოვის თქმით, ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალები ბელორუსის საზღვართან წვრთნებს ატარებენ.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომ განაცხადა, რომ ბელორუსში 20 ათასი მობილიზებული რუსი ჯარისკაცის განთავსებას აპირებენ, რომლებიც ამ ქვეყანაში დისლოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებს შეავსებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი რკინიგზელები რუსეთიდან სამხედრო ეშელონების მისაღებად ემზადებიან.