რუსეთი ევროვიზიის კონკურსიდან მოიხსნა

რუსეთი 2022 წლის ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს – აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო. კონკურსიდან მოხსნის მიზეზი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

“უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რუსეთის ჩართვა წლევანდელ ევროვიზიაში კონკურსის რეპუტაციას დააზიანებს.

ჩვენ ერთგული ვრჩებით კულტურული შეჯიბრის ღირებულებების დაცვის, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას, ერთად კრებს აუდიტორიებს აღნიშნავს მრავალფეროვნებას მუსიკით და ერთ სცენაზე აერთიანებს ევროპას” – წერია EBU-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ევროვიზიის ორგანიზატორებს ოფიციალური წერილით მიმართა და რუსეთის კონკურსიდან მოხსნა სთხოვა თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მოთხოვნა თავდაპირველად არ დააკმაყოფილა.