რუსეთი „იწყებს მარცხს“ ომში,“- ნაიჯელ დეივისი

Რუსეთის იერიში უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, მთავარი ყურადღება ახლა ქვეყნის აღმოსავლეთზეა მიმართული, სადაც მოსკოვი, მისი განცხადებით, “სამხედრო ოპერაციის” მეორე ეტაპს წარმართავს.

მოსკოვი აცხადებს, რომ ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ყოფილი ბრიტანელი დიპლომატის და “სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის” მკვლევარის საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართულებით, ნაიჯელ დეივისის თქმით, იკვეთება კონტურები, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხებას იწყებს. ამის თაობაზე ის, ახალი ამბების სააგენტო Associated Press (AP)-ს ესაუბრა.

დეივისს მიაჩნია, რომ რუსული ჯარები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან გარღვევას უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც კრემლმა უკრაინაში გაგზავნილი ძალების თითქმის სრული მობილიზება მოახდინა. ბრიტანეთის ყოფილ ელჩს ბელარუსში, თვლის, რომ „უპირატესობის ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ შეიცვლება“.

„რუსეთს ომი არ მოუგია, ის იწყებს წაგებას. არის ნიშნები, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი წარუმატებლობისა და პრობლემების წინაშე დგანან. თუნდაც იმ უფრო შეზღუდული მიზნებით, რომელიც მათი თქმით (უკრაინის) აღმოსავლეთში აქვთ. თუ ისინი ვერ შეძლებენ მოულოდნელ გარღვევას დონბასსა და მის გარშემო ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ამას სწრაფად არ იზამენ, მაშინ, სავარაუდოა, რომ უპირატესობის ბალანსი სტაბილურად შეიცვლება უკრაინის სასარგებლოდ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინა იღებს წვდომას უფრო დიდი მოცულობის დასავლურ, დახვეწილ სამხედრო შეიარაღებაზე”, – ამბობს დეივისი.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება ეტაპობრივად იზრდება. ამერიკამ ომის განახლებიდან დღემდე უკრაინას 4 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება მიაწოდა, 9 მაისს კი პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ ლიზის“ აქტს, რომელიც ბოლოს 81 წლის წინ ამოქმედდა და მაშინ ამ დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. აქტის ამოქმედებას ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

კრემლმა კი ომის ფონზე, მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების დღე“ აღნიშნა. პომპეზური ღონისძიება მოსკოვში არც თუ ისე პომპეზური გამოვიდა. მასზე დასასწრებად უცხოელი ლიდერები არ მიუწვევიათ. წითელ მოედანზე მხოლოდ ვეტერანები და კრემლის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. არ გამართულა ავიაშოუც.

„ეს ჰგავდა ძაღლს რომელმაც არ იყეფა. განცხადებებში სიახლე არ იყო. არ ყოფილა რაიმე მკაფიო, აშკარა გამოსავალი იმ პრობლემიდან, რომელიც მათ თავად შექმნეს,“- ამბობს ნაიჯელ დეივისი AP-თან საუბრის დროს.

დასავლეთში ელოდნენ, რომ 9 მაისს პუტინი საკუთარ გამოსვლაში მის ოპერაციას ომს დაარქმევდა და საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა. დეივისის თქმით შესაძლოა ამის მიზეზი თავად რუსეთის შიგნით არსებული რთული ვითარება იყოს. ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ მობილიზაციის გამოცხადებას მოსახლეობისთვის ამ ნაბიჯის სწორი მიწოდება და დრო სჭირდება.

„მოსახლეობის მობილიზაცია არ ჰგავს ღილაკზე თითის დაჭერას… ამას დრო სჭირდება. არა მხოლოდ მობილიზებას და მოსახლების გაწვევას, არამედ ასევე მათ შეიარაღებას. ამიტომ ეს მყისიერ განსხვავებას არ მოიტანს”, – ამბობს დეივისი.

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაზე აქცენტი 19 აპრილიდან გადაიტანა, იქამდე კრემლი კიევის აღებას ცდილობდა, თუმცა როგორც მიმომხილველები ამბობენ, მარცხის შემდეგ მოსკოვმა გადაწყვეტილება შეცვალა. დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის შემდეგ, მსოფლიომ კიევის ოლქში, რუსული ჯარის სისასტიკე იხილა. იქ ამ დრომდე გროვდება ომის დანაშაულებების მტკიცებულებები, რომელსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შეისწავლის.

ქვეყნის აღმოსავლეთში, მარიუპოლი განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა. კიევი ამბობს, რომ ქალაქის 90 პროცენტი სრულად განადგურებულია, თუმცა მარიუპოლს რუსული ჯარი სრულად ამ დრომდე ვერ აკონტროლებს. “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ. მიმდინარე ბრძოლების მიუხედავად, კრემლმა მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების დღე“ მარიუპოლშიც იზეიმა. გუშინ ქალაქში, ასობით ადამიანი „გეორგიევსკის“ დროშით გამოჩდნენ.

ბრძოლა გრძელდება. კრემლის შეცვლილი აქცენტის გამო, უკრაინას დასავლეთის ქვეყნები მძიმე არტილერიას აწვდიან. დახმარების ნაწილი უკვე უკრაინაშია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში ჩავა. ეს რუსეთს დამატებით გამოწვევას უქმნის.

„იკვეთება რომ კრემლი დგას მზარდი სირთულეების და დილემის წინაშე, , ომში რომლის დაწყებაც მან გადაწყვიტა” – ამბობს “სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის” მკვლევარი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართულებით ნაიჯელ დეივისი.

და ეს მიუხედავად იმ პროპაგანდისტული მესიჯებისა, გარდაუვალი გამარჯვების თაობაზე, რომელსაც კრემლი ქვეყნის შიგნით აქტიურად იმეორებს.

წყარო: ამერიკის ხმა