“ეს იქნება სიურპრიზი” – რუსეთი ფინეთს ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ფინეთს ნატოში შესაძლო გაწევრიანების გამო “სიურპრიზით” უპასუხებს. მისი განმარტებით, ამაზე გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვამ უნდა მიიღოს.

“ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. ყველა ამ პარამეტრიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია”,– თქვა ზახაროვამ კითხვაზე, თუ რა სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებას გეგმავს რუსეთი ფინეთის მიმართ.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შვედეთთან და ფინეთთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ პრობლემებს წარმოშობს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ნატოს შეიარაღების განთავსება.