რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ვინ იქნება შემდეგი

რუსულმა კომპანია გაზმპრომმა დაადასტურა, რომ სრულად შეუწყვიტა გაზის მიწოდება ნიდერლანდებს, რადგან ამ ქვეყანამ უარი თქვა მისი ფასი რუბლებში გადაეხადა. მოსკოვი გაზის ღირებულების რუბლებში გადახდას დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინაში ომის დაწყებისა და მის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ ითხოვს.

დღეს დილით გამოქვეყნებულ გაზპრომის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 30 მაისის სამუშაო დღის დასრულებისთვის “გაზპრომ ექსპორტმა“ ვერ მიიღო აპრილში  მიწოდებული გაზის ანაზღაურება ნიდერლანდების კომპანიისგან GasTerra B.V. პუტინის ბრძანებით დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთის მიერ არამეგობრულ ქვეყნებად არიან აღიარებული, გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.

GasTerra B.V.–მ განაცხადა, რომ ასეთი გადახდა დაარღვევს ევროკავშირის სანქციებს და მას მეტისმეტად დიდი ფინანსური და საოპერაციო რისკები ახლავს თან. კომპანიის განცხადებით, არაერთხელ თხოვეს გაზპრომს, დაიცვას კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდის მეთოდების  და გაზის მიწოდების შესახებ ვალდებულებები.

კომპანია თვლის, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, შეძლებს თუ არა ევროპული ბაზარი ამ დანაკარგთან გამკლავებას სერიოზული შედეგების გარეშე.

GasTerra B.V. ნახევრად სახელმწიფო კომპანიაა, დანარჩენი 50% კი თანაბრად ეკუთვნით Shell–ს და  ExxonMobil–ს.

ნიდერლანდების ენერგეტიკის მინისტრმა, რობ ჯეტენმა განაცხადა, რომ მოსახლეობა და მრეწველობა არ დაზარალდება, რადგან ცვლილებების მოლოდინში კომპანია GasTerra–მ გაზი დამატებით შეისყიდა. თუმცა, მისი თქმით, მთავრობა ყურადღებით დააკვირდება მომდევნო პერიოდში სიტუაციას.

გაზპრომის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, როცა მიმდინარე კონტრაქტს ვადა გასდის, ნიდერლანდები დაახლოებით 2 მილიარდ კუბომეტრ გაზს ვერ მიიღებს. სააგენტო იტერფაქსის შეფასებით, 2020 წელს ნიდერლანდებს 36 .6 მილიარდი კუბომეტრი გაზი დასჭირდა, საიდანაც 11.8 მილიარდი რუსეთიდან მიიღო.

შემდეგი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსული გაზის გარეშე დარჩება შეიძლება დანია იყოს. მისმა ხელისუფლებამ ასევე უარი თქვა გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს. ორშაბათს გაზის უმსხვილესმა დანიურმა მიმწოდებელმა, კომპანია Ørsted–მა გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მანამდე გაზპრომმა უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ფინეთს( ამ ქვეყანას რუსული ელექტროენერგიაც გაუთიშეს), პოლონეთს და ბულგარეთს. ამ  ქვეყნებზე წლის დასაწყისში რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის დაპირებული გაზის მიწოდების 16% მოდის.

სქემა, რომლის თავს მოხვევას კრემლი “არამეგობრული“ ქვეყნებისთვის ცდილობს იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებმა გაზის საფასური არა გაზპრომის ევროპულ ანგარიშზე, არამედ რუსულ გაზპრომბანკში საკუთარ ანგარიშზე გადარიცხონ, რომელიც შემდეგ ვალუტის რუბლში კონვერტაციას მოახდენს. ასეთი ანგარიშები უკვე გახსნა ათმა ქვეყანამ, რომელთაგან ერთ–ერთი შეიძლება ბლუმბერგის ინფორმაციით იტალია იყოს. ოფიციალურად რუსულ სქემას ჯერჯერობით მხოლოდ უნგრეთი დათანხმდა.