რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი სარაკეტო იერიში დაიწყო

რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა დაიწყეს – უკვე ვრცელდება ინფორმაცია უკრაინელების მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

ერთი საათის განმავლობაში – 12:40 საათიდან 13:40 საათამდე – საჰაერო განგაში გაისმა უკრაინის თითოეულ რეგიონში, გარდა ყირიმისა.

მოქალაქეებს თავშესაფარში წასვლისკენ მოუწოდებენ.

ჩერკასის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეცი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმა მოსალოდნელია ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები უკვე აფრინდნენ და რაკეტების პირველი ტალღა გაშვებულია. მან ასევე გააფრთხილა უკრაინელები, რომ ოკუპანტებს შეუძლიათ რაკეტების გაშვება ტალღებად რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა დააბნიონ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია, უპირველეს ყოვლისა, აგრძელებს იერიშს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

დაახლოებით 14:00 საათზე სამხედრო მეთაურმა ანდრეი ცაპლიენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს რაკეტები : 4 ხარკოვის რეგიონში, თითო პოლტავას და დნეპროპეტროვსკის ოლქში.

პოლტავას რეგიონში საჰაერო თავდაცვის მუშაობა უკვე დაადასტურა OVA-ს ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ზაპოროჟიეში, ჩერკასის რაიონსა და ოდესაში.

მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ისაუბრა საკრუიზო რაკეტების გაშვების შესახებ და ამასთანავე შეაქო უკრაინელი მფრინავები.

“ჩვენი მფრინავები სასწაულებს აკეთებენ. ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების”, – დაწერა ვიტალი კიმმა.

  • აფეთქებები ზაპოროჟიეში

ქალაქ ზაპოროჟიეში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა განაცხადა.

კურტევის ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი ქალაქგარეთ ჩამოვარდა, ნაწილი კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. მან მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან არსებობს მეორე თავდასხმის შესაძლებლობა.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიევკაში რამდენიმე კერძო სახლი დაინგრა და დაშავებულები არიან. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს სასწრაფო დახმარება. 14:49 საათისთვის. ნოვოსოფიევკაში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ჩერკასის ოდესაში აფეთქებების შესახებ.

მასალა განახლებადია..