რუსეთმა Covid19-ის რუსული ვაქცინით უკვე მილიონი მოქალაქე აცრა

რუსეთმა კორონავირუსის საკუთარი ვაქცინით, “Спутник V”–ით უკვე მილიონი საკუთარი მოქალაქე აცრა. გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ გინცბურგის განცხადებით ყოველდღიურად “სამოქალაქო მიმოქცევაში ვაქცინის 100 ათასი დოზა გადის“. მისი თქმით, ახალი არასასურველი რეაქციები პრეპარატზე არ გამოვლენილა.

ვაქცინაციის კაბინეტებმა მუშაობა 4 იანვარს განაახლეს. წლის დასაწყისიდან სახელმწიფო მომსახურებების პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციის პასპორტის აღება. ჯერჯერობით მას არსად ითხოვენ და გაურკვეველია, რა პრეფერენციებს ანიჭებს ის მოქალაქეს. ამის მიუხედავად მოსკოვის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ყველა მოსკოველს, ვინც ვაქცინაციას გაივლის სოციალურ ბარათებს განუბლოკავენ.

მანამდე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ვარაუდობდა, რომ თვითმფრინავით ფრენის უფლება ან ვაქცინაციის პასპორტის, ან ტესტირების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გაიცემოდა.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 24 246 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლოს ასეთი რაოდენობა ნოემბრის ბოლოს იყო. მთელი დეკემბრის მანძილზე დაინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 26–28 ათასის ფარგლებში მერყეობდა. გარდაიცვალა 518 ადამიანი. სულ ეპიდემიის დაწყებიდან რუსეთში 59 506 ადამიანი გარდაიცვალა.