რუსეთს არ აქვს მეორე ფრონტის გახსნის ძალა – უკრაინელი გენერალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იგორ რომანენკო აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს შვედეთსა და ფინეთზე დარტყმით მეორე ფრონტის გახსნის ძალა.

“არა, მათ არ აქვთ ძალა. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფო არის უსაფრთხოების გარანტორი და NATO-ს სხვა ქვეყნებიც დაეხმარებიან. რუსეთი ახლა დასუსტებულია.

ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ – და სხვებს აშინებენ – არის მათი სტრატეგიული ძალების დამიზნება ამ სახელმწიფოებზე. ასეთი საშიშროების არსებობის შემთხვევაში, ნატოს ჯარები შესაძლოა სწრაფად შევიდნენ ფინეთსა და შვედეთში”,– თქვა გენერალმა უკრაინული მედიის კითხვაზე, შეუძლია თუ არა კრემლს ახალი ფრონტის გახსნა და შვედეთსა და ფინეთზე დარტყმა.

მისივე აზრით, პუტინს მხოლოდ ძალის ენის ესმის, ამიტომ მას უნდა ასწავლონ, სად არის მისი ადგილი ამ სამყაროში.

“მათ უნდა გაუძლონ, მტკიცედ დაუჭირონ მხარი ამ სახელმწიფოების ხალხების მისწრაფებებს და საერთო გამარჯვება ჩვენი იქნება”,– აღნიშნა იგორ რომანენკომ.