რუსეთში 1.5 მილიონი სამხედრო ფორმის კომპლექტი დაიკარგა

რუსეთში, ზაბაიკალიეში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 1.5 მილიონი სამხედრო ფორმის კომპლექტი გაქრა. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, გენერალ–ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა მის ტელეგრამ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, მილიონნახევარი კომპლექტი პირადი შემადგენლობის მიმღები პუნქტიდან გაქრა.

“დღეს პრობლემა გვაქვს ხან ფორმასთან, ხან კიდევ რაღაცასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ სადღაც აორთქლდა? ამის ახსნას ვერავინ, ვერსად, ვერანაირად, ვერაფრით ვერ შეძლებს“ – წერს გურულევი.

დეპუტატი თვლის, რომ პირადი შემადგენლობის მიმღები პუნქტები მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ახლავე უნდა მომზადდეს. ამისათვის ისინი ყველა საჭირო კომპლექტაციით უნდა უზრუნველყონ, მათ შორის სამხედრო ფორმებით. დანაკარგზე პასუხი კი მისი აზრით გენერალმა დმიტრი ბულგაკოვმა უნდა აგოს. ბულგაკოვი სექტემბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან ომისთვის მობილიზებულ ტუველებს ფქვილს, კარტოფილს და ცხვრის თავს დაპირდნენ. რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის ხელისუფლება ასევე დაპირდა ერთჯერადად ყოველ ბავშვზე 5 ათასი რუბლის გადახდას ყველა ოჯახს, რომელსაც მობილიზაცია შეეხო.