რუსი სენატორი ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს. რას პასუხობს მელაძე

რუსი სენატორი ელენა აფანასიევა გამოდის მოწოდებთ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ეს მას შემდეგ მოხდა,  რაც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც  ფრაზაზე “დიდება უკრაინას“ მომღერალი თითქოს პასუხობს  “დიდება გმირებს”. მელაძემ კომენტარი ამ საკითხზე სოციალურ ქსელში გააკეთა.

“პირუტყვობა! სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს ტიტულები კი არ უნდა ჩამოერთვას, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა”, – ასე ეხმაურება ორენბურგის ოლქის სენატორი ვიდეოს მელაძის მონაწილეობით .

მანამდე ტელეგრამის არხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ “სამშობლოს დამცველთა არმიამ” თითქოს მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას ვალერი მელაძე რუსეთში არშეშვების მოთხოვნით. ასევე, ორგანიზაციამ, „მაშის“ ინფორმაციით, დეპარტამენტებს სთხოვა გადაემოწმებინათ, რის საფუძველზე მიიღო ვალერი მელაძემ წარსულში რუსეთის მოქალაქეობა. სსრკ-ს დაშლის დროს მომღერალი უკრაინაში ცხოვრობდა.

სადღესასწაულო დღეებში  სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო დუბაიში გამართული კონცერტიდან, რომელიც ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო. ვიდეოს ავტორი, რომელიც ვალერი მელაძეს მიმართავს, ამბობს: “დიდება უკრაინას!”

რუსი მომღერლის პასუხი, რომელმაც იმ მომენტში მიკროფონი პირიდან მოიშორა, თითქოს მკაფიოდ არ ისმის  და სიტყვების გარჩევა საკმაოდ რთულია. ამას მოჰყვება ვიდეოს ავტორის ხმამაღალი შეძახილი,რაც მიუთითებს, რომ მას პასუხი მოეწონა.

სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოს ერთვის განმარტება, რომ, სავარაუდოდ, ვალერი მელაძემ ვიდეოს ავტორს უპასუხა: “დიდება გმირებს!”

მანამდე რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერლის ძმამ, კონსტანტინე მელაძემ რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ დატოვა.

“10 თვე ვცხოვრობ სიმძიმის და მწუხარების გრძნობით”

სამშაბათს ვალერი მელაძემ ტელეგრამში დაწერა: „ხალხო, მინდა, მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე 10 თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმის და მწუხარების გრძნობით, მოხდა ისე, რომ ხალხები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, არიან კონფლიქტში, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმეს სიძულვილი და არ ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ახლობელ ხალხებს შორის და ამისთვის მე მზად ვარ გავცე მთელი ჩემი ძალები.”

იგივე პოსტი გამოჩნდა მელაძის ინსტაგრამზე.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ მელაძემ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და მოუწოდა მათ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. ამის შემდეგ მალევე გაუქმდა ვალერი მელაძის 2022 წლის მარტში დაგეგმილი კონცერტები. მელაძე ასევე მოხვდა არასასურველი მუსიკოსების სიაში, რომელიც 4 მარტს “რუსულმა მედია ჯგუფმა“ გამოაქვეყნა.

როგორც მედიაჰოლდინგმა მაშინ განმარტა, რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებების გამო „რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე“, რუსულმა მედია ჯგუფმა გადაწყვიტა შეეჩერებინა თანამშრომლობა რამდენიმე მუსიკოსთან, მათ შორის ვალერი მელაძესთან, ვერა ბრეჟნევასთან, ჯგუფ “აკვარიუმთან“ , ივან დორნისთან და სხვებთან.

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა ვალერი მელაძის კონცერტების გაუქმების შესახებ, რომლებიც რუსეთის ქალაქებში 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.