რუსული მედია მოქალაქეებს “მოულოდნელი სამხედრო მარცხისთვის“ ამზადებს

რუსული ფედერალური არხების ეთერში გამოჩნდა მესიჯები იმის შესახებ, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან,  და რომ რუსეთს არმიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემები აქვს.

რუსულმა მედიამ ბოლო დროს აშკარად შეცვალა რიტორიკა და მოსახლეობის მომზადება დაიწყო სამხედრო მარცხისთვის – ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.

სპეციალურმა უწყებამ გადაწყვიტა გაეანალიზებინა, როგორ შეიცვალა რუსეთის რიტორიკა ფართომაშტაბიანი ომის პირველიდან მეასე დღემდე.

როგორც უწყება აღნიშნავს, ომის პირველ დღეებში პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ტარდებოდა დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ყველა რეგიონის ოკუპაცია კი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდებოდა.

ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პირველად რუსული მედიის რიტორიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც მათი ბლიცკრიგი ჩავარდა და ჩრდილოეთის ოლქების დეოკუპაცია მოხდა. ამ კონტექსტში რუსეთის ფედერალური არხები ამტკიცებდნენ, რომ რუსულმა არმიამ უკრაინის სამხედრო პოტენციალი გაანადგურა და  მისი ჯარისთვის შეიარაღების და რაკეტების მიწოდება აღკვეთა.

გარკვეული დროის შემდეგ უკრაინული უწყების მონაცემებით, რუსული მედია აცხადებდა, რომ სპეცოპერაციის მიზანი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციაა.  რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის შეცვლა მოუწია მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ 9 მაისამდე დონბასის დაპყრობა ვერ შეძლო, რუსული მედიის სივრციდან კი გაქრობა დაიწყო თეზისებმა უკრაინული ბიოლაბორატორიების და შესაძლო ბირთვული ომის შესახებ.

“ომის მესამე ეტაპი ხასიათდება აღმოსავლეთ ოლქების ნელი ოკუპაციით და უკვე დაპყრობილი სამხრეთის ტერიტორიების ხანგრძლივი თავდაცვისთვის მზადებით. ამავე დროს, პროპაგანდისტებმა დაიწყეს რუსეთის მოსახლეობის მზადება მოულოდნელი სამხედრო მარცხისთვის. განწყობების შესაცვლელად “დაუმარცხებელი რუსული არმიის“ გავრცელებული წარმოდგენის შესახებ და შესაძლო წაგებისას სირცხვილის შესამცირებლად რუსული მედია ომს უკვე განიხილავს, როგორც რუსეთის შეიარაღებულ წინააღმდეგობას ევროკავშირის და ნატოს ყველა ქვეყანასთან“– წერს უწყება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა გააკეთა დემონსტრირება, როგორ იცვლებოდა რუსული პროპაგანდის რიტორიკა უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობების ფონზე:

  • რუსეთი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომობს
  • უკრაინაში იბრძვიან მოტივირებული სამხედროები, რადგან საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან
  • რუსეთს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს საკუთარი არმიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფისთვის
  • ინდოეთის და ჩინეთის მხარდაჭერა უპირობო არ არის
  • მთლიანობაში სიტუაცია, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა არ არის ნორმალური და აქედან გამოსვლაა საჭირო.
  • ყველას მოვერევით ბირთვული შეტევით, რამეზე უნდა მოვილაპარაკოთ, მაგრამ კაპიტულაცია შეუძლებელია

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ და რუსულმა მედიამ ტაქტიკა შეცვალეს ომის დროს მათი საბრძოლო დანაკარგების გამოცხადებისას – სრული დამალვის ნაცვლად ისინი დოზირებულად აწვდიან ინფორმაციას შემცირებული მაჩვენებლებით.