“რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა“–გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკს წერილს უგზავნის

პრეზიდენტ გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ტვიტერზე წერილს უგზავნის.

გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ  გიორგი რურუა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი. მათ შორის, წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში.

„ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების არქივებში, მოწმეთა ჩვენებებში, უხვად მოიპოვება მისი “კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან. ეს მწირი ინფორმაცია სწორედ იმისი დამსახურებაა, რომ ბედის უკუღმართობით, მისი ძმა, ასევე კრიმინალი ნ. რურუა 2003-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. მისი ხელშეწყობით განადგურდა არაერთი მტკიცებულება და ასევე განადგურდნენ ამ ყველაფერზე მომუშავე საკმაოდ მაღალი თანამდებობის მქონე სამართალდამცავები. აქვე მინდა გითხრათ, არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.

ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ.

P.S. გიგზავნით მხედრიონის ლიდერის, ჯაბა იოსელიანის წიგნს, რომელსაც ჰქვია სამი განზომილება. დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე თარგმნა, მაგრამ იმედია, გ. რურუას დამცველები მოგეხმარებიან მის თარგმნაში: ბევრმა შეიძლება საკუთარი თავიც კი იპოვოს ამ წიგნის ფურცლებზე.  “, – წერს გიორგი გამსახურდია ტვიტერზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება სრულად და გაათავისუფლონ გიორგი რურუა.