რუს ახალგაზრდებთან შეხვედრისას პუტინმა საკუთარი თავი პეტრე პირველს შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა 9 ივნისს ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრისას ისტორიული პარალელი  გაავლო საკუთარ მმართველობასა და პეტრე I –ის ეპოქას შორის. მისი თქმით, ჩრდილოეთის ომის წლებში რუსეთის მეფეს შვედეთისგან არაფერი ჩამოუშორებია, არამედ ტერიტორიები დაიბრუნა და განამტკიცა.

პუტინს რუსული სამთავრობო სააგენტოები ციტირებენ.

პუტინი ამტკიცებს, რომ 350 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა, და როცა მეფე პეტრე პირველი შვედებთან ომობდა, ეს დამპყრობლური ომი არ ყოფილა.

“პეტრე I–მა ჩრდილოეთის ომი 21 წელი აწარმოა. ერთი შეხედვით, თითქოს შვედეთს რამე წაართვა ომით და ჩამოაჭრა. მაგრამ, არაფერი წაურთმევია! მან დაიბრუნა“– თქვა პუტინმა.

მისი განცხადებით, პეტრე პირველმა პრილადოჟიეს ტერიტორია დაიბრუნა, სადაც საბოლოოდ სანკტ–პეტერბურგს ჩაეყარა საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სახელმწიფოები არ აღიარებდნენ ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად.

“მას ყველა შვედეთის ტერიტორიად თვლიდა, არადა იქ, საუკუნეების მანძილზე ფინო–უგორიელ ხალხებთან ერთად სლავებიც ცხოვრობდნენ.თანაც, ეს ტერიტორია რუსეთის სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ იყო“–თქვა პუტინმა, და ასევე ახსენა დასავლეთის მიმართულება და ნარვაზე გალაშქრება, სადაც პეტრე მისი თქმით, “ასევე იბრუნებდა და განიმტკიცებდა“.

რუსეთის პრეზიდენტმა მსჯელობა დღევანდელი რუსეთით განაგრძო და აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსეთსაც მოუწია,  “დაიბრუნოს და შემოიმტკიცოს“, რადგან რუსეთული სახელმწიფოებრიობისთვის ეს არის “საბაზო ფასეულობები, რომლებიც რუსეთის არსებობის საფუძველს წარმოადგენენ.“

“ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებით გადავჭრით ამოცანებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“– თქვა პუტინმა.