სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მის ორგანიზმში აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ვივამედი უარყოფს

აკრძალული მედიკამენტი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის სქემაში – ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ირწმუნება, რომ მკურნალობა ისეთი მედიკამენტით მიმდინარეობდა, რომლის მიმართაც კითხვები ამერიკელ ექსპერტებს გაუჩნდათ.

კითხვებით უფლებადამცველმა უკვე მიმართა კლინიკა “ვივა მედს”. ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მედიკამენტი აშშ-ში ხმარებიდან ამოღებულია, რადგან გვერდითი ეფექტის სახით ნევროლოგიური სტატუსის კუთხით გართულებებს იწვევს. მათ აინტერესებთ, მოხდა თუ არა სხვა მედიკამენტის მოსინჯვა ამ კონკრეტული პრეპარატის დანიშვნამდე.

“ამერიკელი ექსპერტები ჩართულები არიან ამ საქმეში, ისინი ითხოვენ თითქმის ყოველდღიურად ავადმყოფობის ისტორიას, რასაც ვუგზავნით, შესაბამისად, შემდეგ იქიდან სვამენ კითხვებს, ეს როგორ იყო, ეს რა არის, ამას რატომ იღებს, ადგენენ ისტორიას ჩვეულებრივად, ინტერესდებიან ნებისმიერ მედიკამენტთან დაკავშირებით”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

ხაჭაპურიძის მიერ გვრცელებულ ინფორმაციას “ვივა მედის” სამედიცინო დირექტორმა უკვე უპასუხა და თქვა, რომ მედიკამენტის, გამოყენება ნებადართულია.

“მე რატომ უნდა გავცე პასუხი ადვოკატის რაღაც აბსურდულ განცხადებებზე, აკრძალული მედიკამენტი რას ჰქვია, და როგორ ესმით მათ. აკრძალული მედიკამენტი არ გამოიყენება საქართველოში არსად და მითუმეტეს ჩვენ კლინიკაში არ გამოიყენება. ციპროფლოქსაცილინი გამოიყენება ყველგან, საქართველოშიც, ამერიკაშიც, აფრიკაშიც და ა.შ. ეს იმდენად აბსურდული კითხვებია და იმდენად არაპროფესიონალური, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე სამ თვეზე მეტია კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხდება.