სააკაშვილს შესაძლოა ტელევიზორი წაართვან და ვიზიტორების მიღება აუკრძალონ – ფანჯარასთან გამოჩენის გამო გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გუშინ, 21 ოქტომბერს, ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ადვოკატების ინფორმაციით, თუ აღნიშნულს გენინსპექცია კანონდარღვევად დაადგენს, სააკაშვილს შესაძლოა ტელევიზორი წაართვან  და ვიზიტორების მიღება აუკრძალონ.

“ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.

ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.