სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, მიეწოდა ლეიბი – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტს ხელოვნურად გაუჭიანურეს საკანში ტელევიზორის მიწოდება.

„განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს”, – წერია განცხადებაში.

უწყებისვე მტკიცებით, ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი.

“დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს”, – ნათქვამია განცხადებაში.