სააკაშვილს ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სენატორი შაჰინის განცხადებას ეხმიანება. ჯინ შაჰინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების გადაბარების მაგალითად 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ქართული ოცნებისთვის ხელისუფლების დათმობა დაასახელა.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების თანადგომით მოუწია.

“მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში”,– თქვა კობახიძემ.