სააკაშვილს, ბოკერიას და ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად მხარს არ დავუჭერ– ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის ან გიგა ბოკერიას პრემიერმინისტრობის კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობიდან, პრემიერმინისტრის კანდიდატად სხვას დაუჭიროს მხარი, მაგალითად, ხატია დეკანოიძეს.

“არ მჯერა მაგ ბოდიშის [სააკაშვილის ბოდიში]. შეიძლება, სხვა კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, შესაძლოა, ხატია დეკანოიძეს. ბოკერიას, ვაშაძეს, რომელიც ოსტავ ბენდერია, არ დავუჭერთ მხარეს. ასევე, მეორე კითხვა იქნება, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ გვითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილიო, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, ან ზურაბ ადეიშვილი, ან ა.შ.” — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას, ელისაშვილი ამბობს, რომ თუ მისი პარტიის ხმები გადამწყვეტი იქნება, “შესაბამის ფასსაც დაადებს”.