სააკაშვილსა და ენმ-ს 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება უნდათ – ბოკერია

ევროპული საქართველოს ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება უნდა.

მისი თქმით, ამის პარალელურად ივანიშვილს სურს დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, “სადაც კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია”,  ხოლო „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა გარდამტეხი ცვლილებები.

ბოკერია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, თუმცა, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ვინმეს დაბრუნებასთან დაკავშირებული არ არის.

„ჩვენი „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. ყველას დევნა უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან“, – განაცხადა ბოკერიამ.